სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, რომლის ანალოგიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არ მოიპოვება
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე, 1040 ჰექტარ ფართობზე მდებარეობს. სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს, რელიქტური სოსნოვსკის ფიჭვის იშვიათი მასივის შემონახვის მიზნით დაარსდა, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება.
სოსნოვსკის ფიჭვი ზღვის დონიდან 800-1800 მეტრზეა გავრცელებული. იგი ქმნის როგორც წმინდა (კონგლომერატებზე, ნაშალებზე, რიყეებზე და გამოტანის კონუსებზე), ისე შერეულ ზევნარებს, ფიჭვნარ-მუხნარის, ფიჭვნარ-რცხილნარისა და სხვა სახით. ნარძალში სოსნოვსკის ფიჭვის ოთხ ფორმას: პირამიდულს, კომპაქტურს, ოვალურსა და ქოლგისებურს ვხვდებით.
ნაკრძალის ფართობის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული.
ნაკრძალში რცხილა, ჯაგრცხილა, მუხა, წიფელი, ნეკერჩხლები და თელა ხარობს. ქვეტყეში მრავალი სახეობის ბუჩქია.
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალთან ერთად, ყორუღის აღკვეთილი, იორის აღკვეთილი და ცივ-გომბორის აღკვეთილიც შედის.
ყორუღის აღკვეთილი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საგარეჯოსა (1489 ჰა) და გურჯაანის (579 ჰა) მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი იორის ხეობაშია განლაგებული და უსწორო ფორმის ვიწრო ზოლს წარმოადგენს, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიემართება.
იორის აღკვეთილი გარე კახეთში, სიღნაღის ადმინისტრაციული რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 2126,8 ჰა-ს შეადგენს. აღკვეთილის ტყეები მდინარე იორის ხეობაშია განლაგებული. იგი ყორუღის აღკვეთილის სამხრეთ საზღვართან გამავალ სარწყავ არხთან და დალის წყლის წყალსაცავთან, ჭაჭუნის სახელმწიფო აღკვეთილის ჩრდილოეთ საზღვართან მთავრდება.
აღკვეთილის ტერიტორიას ორივე მხრიდან სიღნაღის რაიონის მიწის ფონდის სასოფლო სამეურნეო სავარგულები და, ძირითადად, საძოვრები ესაზღვრება.
ყორუღისა და იორის აღკვეთილების შექმნის მთავარი მიზნები უნიკალური ჭალის ტყეებისა (ყორუღი) და ტუგაის ტიპის ტყეების (იორი) ფლორისა და ფაუნის დაცვა და მოვლა.
ყორუღის აღკვეთილს დაცული ტერიტორიების IV კატეგორიის, ანუ აღკვეთილის სტატუსი, 1996 წელს მიენიჭა.
ყორუღის აღკვეთილში, მდ. იორის ნაპირებზე ჭალის ტყეა შემორჩენილი. მისი შემქმნელი ძირითადი ხე-მცენარეებია: მაღალი ტირიფი, ხვალო ანუ ჭალის ვერხვი, ოფი, ჩვეულებრივი მურყანი, ჭალის მუხა და ზოგიერთი სხვა.
ქვეტყეში იზრდება ძეძვი, ქაცვი, ქართული კოწახური, ჭალა-ფშატა და სხვა. ჩვეულებრივია ლიანები: აღმოსავლური კატაბარდა, ეკალღიჭი, ღვედკეცი და სხვა. ჭალის ტყეს ორივე მხრიდან სტეპის მცენარეულობა, ძირითადად უროიანები ესაზღვრება.
ცივ-გომბორის აღკვეთილის დაარსების შესახებ კანონი ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა. აღკვეთილის ფართობი 4935,8 ჰა-ს მოიცავს. ცივ-გომბორის აღვკეთილის დაარსების მიზანს ტერიტორიაზე წარმოდგენილი საქართველოს „წითელი ნუსხის“ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების დაცვა წარმოადგენს.
ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული ისეთი მერქნიანი სახეობები, როგორებიცაა: მაღალმთის მუხა, ჭალის მუხა და უთხოვარი. „ბებერი კლდის“ მიდამოებში წარმოდგენილია არამარტო ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური ხელუხლებელი მუხნარი, უთხოვრის ქვეტყით.
საქართველოს „წითელი ნუსხის“ ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე მურა დათვი ბინადრობს. იშვიათად გვხვდება კეთილშობილი ირემი. ამასთანავე, აღნიშნულ ფართობებს აქვს საკვანძო მდებარეობა – აქ მოხვედრილ ტურისტს ეძლევა შესაძლებლობა, მოხვდეს სოფელ თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალსა და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემთან.