დაცული ტერიტორია, სადაც სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებით
ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას, სრულიად განსხვავებულ და საინტერესო სამყაროში აღმოჩნდებით.
დაცული ტერიტორიები ქობულეთის ზღვის სანაპიროდან 2 კმ-ში მდებარეობს.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი) საერთაშორისო მნიშვნელობის (განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი), რამსარის კონვენციით აღიარებული უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემებისა და მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით შეიქმნა.
ქობულეთის დაცული ტერიტორია წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვანი ჰაბიტატებია გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობებისათვის.
ბოტანიკოსების დიდ დაინტერესებას იწვევს აქ არსებული ბორეალური სახეობები: სფაგნუმი ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია დროზერა.
რელიეფი ბრტყელი და ოდნავ ეროზირებულია მდინარეების, შავი ღელესა და ტოგონის მიერ. აქ ზღვის ტიპური, ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატია. წლიური ნალექიანობა 1500–2500 მმ-ია, რომლის დიდი წილი, წვიმის სახით შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე მოდის.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები და მნახველებს საშუალება აქვთ განახორციელონ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურები.
მნახველთა ცენტრი კომბინირებულია ადმინისტრაციულ შენობასთან. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.
ისპანი 1-ზე, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული მეორადი მცენარეული დაჯგუფებები.
ისპანი 2 მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური — გუმბათოვანი ჭაობია, რომელიც მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს.
ქობულეთის დაცული ტერიტორიების ტორფიანი ჭაობის საერთო ფონს ქმნის ტორფის ხავსები — სფაგნუმის სახეობები, ე.წ. „იმერული ისლი“, რინხოსპორები (თეთრი რინხოსპორა, კავკასიური რინხოსპორა), ტორფის ისლი, წყლის სამყურა, მრგვალფოთოლა დროზერა და ზოგიერთი სხვა სახეობები. ამ მცენარეთა უმეტესობა ჩრდილოური (ბორეალური) წარმოშობისაა და კოლხეთში მოხვდა მეოთხეული პერიოდის გამყინვარების ეპოქებში.
აქაურ ტორფიან ჭაობებში იზრდება კოლხური მცენარეებიც: შქერი, იელი, ეკალღიჭი და სხვა. ქობულეთის აღკვეთილში ასევე გვხვდება იშვიათი სახეობის სამეფო გვიმრაც.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ფრინველებზე დაკვირვების, ე.წ. birdwatching-ის მოყვარულებში. შესაძლებელია ჭოგრიტების ქირაობაც. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა.