კიევის საახალწლო სლოგანია “უძლეველობის ნაძვის ხე” – საახალწლო განწყობა ომის პირისპირ

რუსეთის მასობრივი სარაკეტო შეტევებისა და თავდასხმების გამო, უკრაინაში უმძიმესი ენერგო კრიზისია, ამიტომ ნაძვის ხე ენერგოეკონომიური ნათურებით მორთეს, დენის კვების წყარო კი გენერატორია.

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, კიევში ,,უძლეველობის ნაძვის ხე” აანთეს. 12 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც სოფიას მოედანზე დგას, უკრაინის დროშის ფერებშია განათებული.

რუსეთის მასობრივი სარაკეტო შეტევებისა და თავდასხმების გამო, უკრაინაში უმძიმესი ენერგო კრიზისია, ამიტომ ნაძვის ხე ენერგოეკონომიური ნათურებით მორთეს, დენის კვების წყარო კი გენერატორია.

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსი ბარბაროსების ყველა მცდელობის მიუხედავად, უკრაინელ ბავშვებს დღესასწაული უნდა ჰქონდეთ. “უძლეველობის ნაძვის ხე” კი ადასტურებს იმას, რომ უკრაინელი ერის გატეხა შეუძლებელია.

მისივე ინფორმაციით, ნაძვის ხის ანთების დღეს, რუსეთმა დრონებით შეტევა მიიტანა უკრაინაზე, რის შედეგადაც მოსახლეობა წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

“ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენ შვილებს ნაძვის ხე უნდა ჰქონდეთ. პუტინს შობის, ახალი-წლის მოპარვის უფლებას არ მივცემთ. ჩვენ გვჯერა უკრაინის და გამარჯვების”, – განაცხადა კიევის მერმა.

ნაძვის ხის გარშემო შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, რომ ახალი წელი ბავშვებს სჭირდებათ და ნაძვის ხე უკრაინელთა სიძლიერის დადასტურებაა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 10 თვეა მიმდინარეობს, ამიტომ უკრაინულ საზოგადოებაში დისკუსია იყო იმასთან დაკავშირებით, უნდა დაედგათ თუ არა საახალწლო ნაძვის ხე დედაქალაქის ცენტრში.

ინგა ფუტკარაძე

ასევე წაიკითხეთ:

თბილისის საახალწლო სლოგანი პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა

“საახალწლოდ ნაძვის ხეებს უკრაინაშიც რთავენ” – დაღუპულთა სურათები გმირთა მოედანზე გადაიტანეს