ამერიკას თავს ე.წ. „ბომბის ციკლონი“ დაატყდა
სტიქიურმა მოვლენამ ყველაზე მეტად ნიუ-იორკის შტატის ქალაქი ბუფალო დააზარალა, სადაც მანქანებში ჩარჩენილი ხალხი შველას ითხოვდა.
საშობაო ზამთრის ქარიშხალი ამერიკაში – ძლიერი ყინვისა და შტორმის შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 34, ხოლო კანადაში 38 ადამიანი დაიღუპა. ქარიშხალი შტატების 60%-ს დაატყდა თავს. ციკლონი დიდი ტბების მახლობლად განვითარდა, რამაც ქარბუქი და თოვლი გამოიწვია. სინოპტიკოსების თქმით, ე.წ. ,,ბომბის ციკლონის“ გაძლიერების მიზეზი ქარიშხლის დროს, ატმოსფერული წნევის დაცემა იყო.
სტიქიურმა მოვლენამ ყველაზე მეტად ნიუ-იორკის შტატის ქალაქი ბუფალო დააზარალა, სადაც მანქანებში ჩარჩენილი ხალხი შველას ითხოვდა. აქ თოვლის საფარის სიმაღლე 1,2 მეტრს აჭარბებს. ქალაქ ბუფალოში 10 ადამიანი დაიღუპა, მათგან ზოგი თოვლის საფარში, ზოგი კი ავტომობილში იპოვეს. ქალაქის პოლიცია შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კრიტიკული სიტუაციის მართვის მიზნით, ქალაქების მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებების მართვა აიკრძალა.
,,ეს არ არის, ის შობა, რომლის იმედიც ჩვენ გვქონდა, მაგრამ ეცადეთ, რომ ბედნიერი შობა გვქონდეს. უდიდეს თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახებს, რომელთაც ახლობლები დაკარგეს. ეს ისტორიაში დარჩება, როგორც ბუფალოს ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი“, – განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ქეით ჰოჩულმა.
აშშ-სა და კანადაში შტორმის გამო 1.7 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. ენერგიის მიწოდება მოსახლეობას ეტაპობრივად აღუდგა. ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის გარეშე 100, 000 ადამიანია დარჩენილი. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით 1500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, რის შედეგადაც ოჯახებმა შობის ერთად გატარება ვერ შეძლეს.
ინგა ფუტკარაძე