პიროტექნიკა – საახალწლო მხიარულების მთავარი მტერი
პიროტექნიკის გამოყენებას, როგორც ყოველ ახალ წელს, მძიმე შედეგების გარეშე, არც 2023 წლის დადგომისას ჩაუვლია.
ბევრი ინფორმაცია გავიგეთ ხანძრების გაჩენისა და ადამიანთა სხეულის ნაწილების დაზიანების შესახებ. ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოში ყველასთვის კარგად ცნობილი შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი, რომელსაც ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა და მარცხენა ხელის საკმაოდ რთული დაზიანებებით, ახალი წლის დღეები საავადმყოფოში გაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია, თუმცა, შეფ-მზარეული საკუთარ საქციელს ნანობს და საზოგადოებას სოციალური ქსელით მოუწოდებს, რომ პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
“ძვირფასებო, დიდი მადლობა, რომ შეწუხდით. ხალხნო არ იყიდოთ პიროტექნიკა: ფეიერვერკები, მაშხალები. ძალიან ცუდი ხარისხის არის შემოსული. პალატაში 3 სული ვწევართ, ერთნაირად დაზიანებული. ჩემ დანაშაულს ვაღიარებ, რომ სისულელე ჩავიდინე”, – წერს გურამ ბაღდოშვილი.
აღსანიშნავია, რომ ახალი წლის ღამით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, უამრავი ადამიანი დაშავდა. მათ შორის იყვნენ არასრულწლოვანებიც, რომლებმაც საკმაოდ ბევრი და მძიმე დაზიანებები ხელის მტევნისა და თითების არეებში მიიღეს.
პიროტექნიკა არა მარტო ადამიანებისთვის, არამედ ცხოველებისა და ფრინველებისთვის საზიანოა.
პიროტექნიკისგან მიღებულ ზიანზე, ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშენიძეც საუბრობს. მისი თქმით, პიროტექნიკის ხმაურისგან მიღებული ტრავმებით თბილისის ზოოპარკის ბინადრები ყოველწლიურად იღუპებიან. მზია შარაშენიძე საზოგადოებას მეტი ჰუმანურობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პიროტექნიკის გამოყენება, ცხოველების გარდაუვალ დაღუპვას იწვევს. აფეთქებების დროს, ცხოველები ვოლიერში სირბილს იწყებენ. ამ დროს შეიძლება, ბარიერს დაეჯახონ და სხეული დაიზიანონ, ან ერთმანეთი გადაჯეგონ.
“პიროტექნიკის გამოყენება განსაკუთრებით საზიანოა ცხოველებისთვის. ისინი ერთნაირად სტრესულად აღიქვამენ ამ ხმაურს, მოულოდნელ აფეთქებებს, რამაც შეიძლება მაშინვე ან მოგვიანებით, სხვადასხვა დაავადებაში იჩინოს თავი. წლების განმავლობაში ძალიან ცუდი გამოცდილება გვქონდა: შარშან პატარა ანტილოპა – გნუ დაიღუპა, შარშან წინ კი, ორი ანტილოპა. ამიტომ გვინდა ვთხოვოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ზოოპარკის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს, რომ ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, რადგან ეს დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის”, – აღნიშნა მზია შარაშენიძემ.
ბოლო წლებში პიროტექნიკის გამოყენების წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრიც მწიფდება. მნიშვნელობა არ აქვს პიროტექნიკა დაბალი ხარისხისაა თუ მაღალი, ყველა შემთხვევაში მისგან მიღებული მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ზიანი, საშიში და მომაკვდინებელია. საახალწლო დღესასწაულის სიხარულის მთავარი მტერი ადამიანების ხელშია, საჭიროა უბრალოდ, მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება.
ავტორი სალომე ხომასურიძე
ასევე წაიკითხეთ:
ლამაზი ფეიერვერკების მომაკვდინებელი შედეგები – “აიკრძალოს პიროტექნიკა!”