,,საახალწლო სოფელი” დღეს კონცერტით დაიხურება

ორბელიანის მოედანზე მდებარე „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება. ღონისძიებამდე, ,,საახალწლო სოფლის” სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ტკბილეულის ბაზრობასა და სანტას სახლს ეწვიონ – ვორქშოფს, დრამერების მსვლელობასა და ფლეშმობს დაესწრონ. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 13:00 საათიდან ათონელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო სცენაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი დაიწყო. 20:00 საათზე კი, ორბელიანის სცენა, ,,SVANSIKH”-ს დაეთმობა. ,,საახალწლო სოფლის“ ფარგლებში, შემაჯამებელი კონცერტი, 21:30 საათზე დაიწყება. ქარავნის სცენაზე, მსმენელის წინაშე, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია წარსდგებიან.

შეგახსენებთ, რომ ,,საახალწლო სოფელი“, 23 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩასა და 9 აპრილის ბაღში ამოქმედდა და სამი კვირის განმავლობაში, მის სტუმრებს, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლების, ბენდებისა და ანსამბლების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სამი სცენიდან, ერთ-ერთი საბავშვო სტუდიებს ეთმობოდა. ,,საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე, მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საშობაო ბაზრობა, კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე იყო განთავსებული, სადაც სხვადასხვა გასართობი აქტივობა და წარმოდგენები იმართებოდა და ბავშვებს, ამ ჯადოსნურ დღესასწაულს ულამაზებდა.

სალომე ხომასურიძე