მართლმადიდებლობისთვის ნათლისღება მეორედ დაბადებას ნიშნავს
ნათლისღება — ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია, 19 იანვარს აღნიშნავს.
ეს არის დღე, როდესაც ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემ, იერუსალიმში, მდინარე იორდანიაში, იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმინდა, რათა ჩვენთვის, ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა.
ნათლისღებისას, სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით, ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი, მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.
ამ დღეს, ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან მამა ღმერთის ხმა ისმოდა:
„ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.
ნათლობის რიტუალის წინ, კათაკმევლობის პერიოდია, რომელიც ახალმოქცეულისთვის ნათლისღებისთვის მომზადებას ითვალისწინებს. ეცნობა ძირითად ჭეშმარიტებებს, სწავლობს მრწამსს, ესწრება საკვირაო ლიტურგიას. კათაკმევლობის პერიოდი, განსაზღვრული არ არის. ასევე განუსაზღვრელია იმ ადამიანის ასაკი, რომელიც ინათლება. ნათლისღება წყალში სამჯერ შთაფვლით, ან სხურებით, ხდება. უკიდურესი გამონაკლისის შემთხვევებში კი, ქვიშით. ნათლობის რიტუალს მღვდელი აღავლენს. მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით, მონათლული ცოდვებისგან განიწმინდება და ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. მართლმადიდებლობა ნათლისღებას სულიერ შობად, მეორედ დაბადებად მიიჩნევს და ის ადამიანის ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ ხდება.
ნათლისღების დღესასწაულსა და მის წინა დღეს, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა სრულდება, დიდი აიაზმის წესით და მორწმუნეებს, ნაკურთხი წყალი ურიგდება. ამ წყალს, უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ, განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.
ნათლისღების დღესასწაული, თითოეული ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესია.
მედია სააგენტო ,,24“ გილოცავთ ნათლისღებას!
სალომე ხომასურიძე