საქართველოდან თურქეთში კიდევ 40 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრება
ქართველი მაშველები თურქეთის ქალაქ ადიამანში, სამაშველო ღონისძიებაში მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მაშველები თურქეთის ქალაქ ადიამანში, სამაშველო ღონისძიებაში მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ.
შსს იუწყება, რომ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს, ქართველმა მაშველებმა, ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში იყო და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
,,ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველები, ადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან, მჭიდრო კოორდინაციაში არიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გადაწყვეტილია, რომ ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნება, რომლებიც უახლოეს პერიოდში, მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს შეუერთდებიან.
როგორც ცნობილია, ქართველი მაშველების ჯგუფი, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებითაა დაკომპლექტებული.
,,სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სალომე ხომასურიძე