საქართველო თურქეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის

საქართველოდან, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის, თურქეთში პირველი ჰუმანიტარული დახმარება პარასკევს გაიგზავნება.

საქართველოდან, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის, თურქეთში პირველი ჰუმანიტარული დახმარება პარასკევს გაიგზავნება, – ამის შესახებ ინფორმაცია, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ცნობილია, ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც დაზარალებულთათვის აუცილებელ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და პროდუქტებს მოიცავს, საქართველოს პარლამენტი აგროვებს.

ამავე მიზნით, პარლამენტში სპეციალური საბანკო ანგარიშია გახსნილი.

„გადავწყვიტეთ, შევაგროვოთ გარკვეული თანხა და რასაკვირველია, ვისაც შეუძლია, მოიტანოს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, რომელიც ცივ პერიოდში ესოდენ სჭირდება დაზარალებულ მოსახლეობას. პარასკევს შესაძლებლობა გვექნება, რომ პირველი ტვირთი გავაგზავნოთ პარლამენტის სახელით მეგობრების, ესოდენ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, 15 383-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ორშაბათს გამთენიისას მოხდა და რამდენიმე საათში, მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა განმეორდა.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, დღის განმავლობაში, პერიოდულად, მომყოლი ბიძგებიც მნიშვნელოვნად იგრძნობოდა.

სალომე ხომასურიძე