თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 14 ათასს გადააჭარბა, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეკომპანია TPT-ის ეთერში ხუთშაბათს განაცხადა.
„ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვმა 14 014-ს მიაღწია, დაშავებულია 63 794 ადამიანი. 6 444 შენობა განადგურდა“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა, რომელიც სტიქიით დაზარალებულ ქალაქ გაზიანთეპში იმყოფება.
7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში მოხდა. ბიძგებს უამრავი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის ზემოქმედებისგან მეზობელი სირიაც დაზარალდა.