მომენტი, როდესაც 101 წამიც კი უსასრულოდ გრძელდება – 2023 წლის დამანგრეველი მიწისძვრა

6 თებერვალს, გამთენიისას, როცა ადამიანებს ჯერ კიდევ მშვიდად ეძინათ, სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე, დამანგრეველი, 7,7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა.

თურქეთი. 2023 წელი

მომენტი – როდესაც 101 წამიც კი უსასრულოდ გრძელდება, როცა ძლიერი ბიძგები ანგრევს გარეშემო ყველაფერს, რაც ადამიანის ხელს შეუქმნია და ამ ნგრევას უამრავი სიცოცხლე ეწირება.

თურქეთის 10-მდე პროვინციაში 6 თებერვლის დილა აღარ იყო წინა დღის მსგავსი. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა კვლავ განმეორდა. ძლიერი ბიძგები მთელი დღის განმავლობაში მეორდებოდა. მათი სიმძლავრე საშუალოდ, 7 ბალზე მეტი იყო. დაინგრა უამრავი შენობა-ნაგებობა, ათასობით სახლი. ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქტაის განცხადებით, ქვეყანაში 145 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა ნაწილის სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა. სტიქიამ 3 740-ზე მეტი შენობა დაანგრია. მიწისძვრა დამანგრეველი აღმოჩნდა თურქეთის მეზობელი სირიისთვისაც, სადაც 800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია ასობით ადამიანი. შემზარავი ტრაგედიის ეპიცენტრში, უამრავი ადამიანი მოხვდა. გადარჩენილები თანამემამულეებს, საკუთარი ძალებით, მაქსიმალურად ეხმარებიან. შემთხვევის ადგილებიდან, ვითარების ამსახველი ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდება.

მეზობელი თურქეთის ტრაგედია საქართველოს მოსახლეობამ გულთან მიიტანა. მოსახლეობის ნაწილი პანიკამ მოიცვა იმის შიშით, რომ განმეორებადმა ბიძგებმა შესაძლოა საქართველომდეც მოაღწიოს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე მოსახლეობას ამშვიდებს და აცხადებს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრას ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზე არ მოჰყვება.

,,არანაირ მოკლევადიან პროგნოზს არ ვაკეთებ და არ აკეთებს არცერთი თავმოყვარე სეისმოლოგი. ათასი რამ ვრცელდება, საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია, ჩვენ სხვა სისტემა ვართ. არც ის დაიჯეროთ სტამბოლში გავრცელდებაო. არ არის ასე“ – წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

მიწისძვრის შედეგად მასშტაბური ნგრევის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისი სამსახურების 10 ათასამდე თანამშრომელია ჩართული. სტიქიის შედეგებს, სირიაშიც ებრძვიან, სადაც დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა, თანდათან უფრო იზრდება.

დაზარალებულ ქვეყნებს თანადგომას მეგობარი სახელმწიფოები უცხადებენ და დახმარებას სთავაზობენ. ტრაგედიის პირველივე დღეებში საქართველოდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 60 მეხანძრე-მაშველი და შესაბამისი ტექნიკა გაიგზავნა.

თურქეთში, 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ნანგრევებში ასობით ადამიანი რჩება. მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლია სირიაშიც, მათი რაოდენობა ყოველ საათში იზრდება.

ზამთრის ერთი ჩვეულებრივი დილა უამრავი ადამიანისთვის ტრაგიკულად დაიწყო. 6 თებერვალი მსოფლიო ისტორიაში, არამარტო თურქეთისა და სირიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერება.

ავტორი: სალომე ხომასურიძე
მონტაჟი: ლიკა მაჩხანელი