თურქეთში, სტიქიის ზონაში, საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ჩავიდნენ
12 თებერვალს საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, თურქეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, ქართველი დიპლომატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, შეხვედრებს გამართავენ და საქართველოს მოქალაქეებს, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით მოინახულებენ.
როგორც ცნობილია, საელჩოს წარმომადგენლები საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებსაც შეხვდებიან, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, სტიქიის ზონაში მუშაობენ და მათმა დახმარებამ, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
„საქართველოს საელჩო გაზიანთეფში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის პირველივე წუთებიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას საქართველოს ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა. ათობით მოქალაქე, სტიქიის ზონიდან გადაყვანილია თურქეთის სხვა რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე ზოგიერთი მათგანი უკვე დაბრუნდა საქართველოში“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სალომე ხომასურიძე