თურქეთი კიდევ ორი ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრია
თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში, გუშინ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 294 ადამიანი, რომელთაგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. „სიენენ თურქი“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ახალი ბიძგების შედეგად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, სამი ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
როგორც თურქული მედია იუწყება, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები, ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. სამი წუთის შემდეგ კი, ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, სამწუხაროდ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას, 41 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეზობელ სირიაში კი, 4 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
სალომე ხომასურიძე