სტიქიის ზონაში მოხალისედ წასული ქართველი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, თურქეთში, მოხალისედ წასული ქართველი ახალგაზრდა – დანიელ ბულკაშვილი დაიღუპა. ის ნანგრევებში მოყვა.

როგორც დაღუპულის მეგობრების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, დანიელი დაახლოებით 35 წლის იქნებოდა. მას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. დანიელი თბილისელია, თუმცა ბოლო წლებში ბათუმში ცხოვრობდა.

სტიქიის ზონაში ტრაგედიიდან მალევე წავიდა. 7 თებერვალს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ნანგრევებში მოყოლილი და-ძმის ფოტო შემდეგი შინაარსის სტატუსით:

 

“უფროსი დაიკო ნანგრევებში ასე იცავს უმცროს ძამიკოს. ღმერთო, ეს რა ხდება, ეს რას მოვესწარით? ძალიან საშინელებაა ამის ყურება და ამაზე უბრალოდ ფიქრი ემოციების გარეშე არ შეიძლება. უფალო, ძლიერო, გთხოვ, დაიფარე ყველა განსაცდელისგან და გადაარჩინე ყველა, ვინაიდან დაისახოს დედამიწაზე სიმშვიდე!!!”.

დანიელ ბულკაშვილი ანტისაოკუპაციო პარტია “სამშობლოს” წევრი იყო. ერთი პერიოდი, ის უკრაინაში იბრძოდა.

მისი მეგობარი და თანამებრძოლი გიორგი დიასამიძე სოციალურ ქსელში წერს:

“არ ვიცი, რა დავწერო… გული ძალიან მეწვის. ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. მარადიული ხსოვნა მეგობარო. შენ მართლა გმირი იყავი და გმირად დარჩები ჩვენს გულში. თურქეთში წავიდა, მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად, ნანგრევები ჩამოიშალა და დაიღუპა”.