აღდგომის ღამით თბილისის მეტრო მგზავრებს უფასოდ 04:00 საათამდე მოემსახურება

აღდგომის ღამით მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. იმავე ღამეს, 23:00 საათიდან, დამატებითი დროის განმავლობაში, მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს ავტობუსის დროებითი მარშრუტები დაწესდება, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე, მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებენ.

“ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

სალომე ხომასურიძე