154 დაღუპული, 4 000-ზე მეტი დაკარგული – ტრაგედია სამხრეთ კორეაში Halloween-ის საღამოს

სეულის პოლიციამ დაკარგული ადამიანების შესახებ 4 024 განცხადება მიიღო.

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს, ბოლო ინფორმაციით, 154 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაკარგულად ითვლება. გარდაცვლილთა უმეტესობა 20 წლამდე პირია. დაღუპულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მომხდარის გამო, სამხრეთ კორეაში ყველა გასართობი შოუ თუ კონცერტი გადაიდო და სახალხო გლოვაა გამოცხადებული.

სეულის იტევონის რაიონი ჰელოუინის აღსანიშნად უკვე წლებია პოპულარული ადგილია. დღესასწაულში მონაწილეობისთვის სეულში რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც კი ჩადიან. ბოლო ორი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, დღესასწაულს არ აღნიშნავდნენ. შაბათი საღამო, ამ პერიოდის განმავლობაში, პირველი ჰელოუინი იყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააუქმა.

აღსანიშნავია, რომ იტევონი, რომელსაც ოდესღაც ადგილობრივები ერიდებოდნენ, დაბინძურებული, წითელი შუქის უბანი, წვეულების ადგილად გადაიქცა. ღამის ცხოვრებითა და მოდური რესტორნებით ცნობილი უბანი ღამით ცოცხლდება. ტერიტორია, რომელიც აშშ-ს სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარეობს ასევე, არის სეულის აყვავებული, მუსულმანური და გეი თემების სახლი.

ჰელოუინის წვეულებისთვის, ადგილზე სასტუმროები და ბილეთები წინასწარ იყო დაჯავშნილი, შესაბამისად, დიდი რაოდენობით ხალხი მოსალოდნელი იყო.

კორეის ეროვნული სახანძრო სააგენტოს წარმომადგენლის ჩოი ჩხონ სიკის ცნობით, ჭყლეტა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო “ჰამილტონთან” ვიწრო გზაზე ხალხის დიდი მასა წინ წასვლას ცდილობდა. თვითმხილველები აღწერენ, რომ წვეულების მონაწილეები ისე მჭიდროდ იყვნენ შეკრული, რომ გადაადგილება და სუნთქვაც კი უჭირდათ.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ხალხმრავლობა “ძალადობრივმა მიწოლამ” გამოიწვია – ადამიანთა დიდი ჯგუფი მცირე შენობაში ერთდროულად ცდილობდა შესვლას, რასაც დაზიანებები და მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც იუთუბერი სონ იე ჯუნგი განმარტავს, იქ მყოფები თავდაპირველად არასერიოზულად უყურებდნენ ვითარებას და ერთმანეთს ამხნევებდნენ კიდეც, თუმცა უეცრად ყველამ უკან დახევა ძალიან უხეში ფორმებით დაიწყო.

“ჩემი მეგობარი ჩემზე ძლიერია და მან შეძლო ჩემი გამოყვანა. რომ არა ის, დავიღუპებოდი. ხედვა მებინდებოდა, რადგან ადამიანები ძლიერად აწვებოდნენ ერთმანეთს, ომის შთაბეჭდილებაც კი იქმნებოდა”, – ამბობს სონ იე ჯუნგი.

ხალხმრავლობაში მოყვა მსახიობი იუნ ჰონგ ბინი, რომლის თქმითაც ის და მისი შეყვარებული 10 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ხალხისაგან თავის დახსნას, რადგან აგრესიულად და ძალადობრივად აწვებოდნენ მათ. თუმცა ორივენი თავდაუზოგავად ცდილობდნენ დაშავებულთა დახმარებას.

“ოცი წუთის განმავლობაში ჩემი შეყვარებული დაშავებულებს ეხმარებოდა, უმასაჟებდა კიდურებს, ვუტარებდით ხელოვნურ სუნთქვას. ვტიროდით და ვლოცულობდით მათი გადარჩენისთვის. ძალიან ბევრს სჭირდებოდა გადაუდებელი დახმარება და ამას მათ თვალებშიც ვკითხულობდით. სამწუხაროდ, დაშავებულის გადარჩენა ვერ შევძელი”, – ჰყვება იუნ ჰონგ ბინი.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბრბოს მეცნიერებათა მოწვეულმა პროფესორმა საფოლკის უნივერსიტეტში და საკონსულტაციო ფირმის GKStill Internationala -ის თავმჯდომარე ჯ. კეით სტილმა. მისი განმარტებით, გონების დაკარგვას 30 წამი სჭირდება, დაახლოებით ექვს წუთში კი, ადამიანი კომპრესიული ან შემზღუდველი ასფიქსიის ქვეშ იმყოფება.  “სიკვდილის მიზეზიც ესაა – არა დაზიანებებია, არამედ დახრჩობა”, – აცხადებს ჯ. კეით სტილი.

როგორც CNN-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, მასობრივ ჭყლეტამდე ადგილზე ხალხის მასა შესაბამისად არ კონტროლდებოდა. სასწრაფო დახმარებაში პირველი ზარი ადგილობრივი დროით საღამოს 10:24 საათზე შევიდა. სასწრაფო ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა ხალხის დიდი რაოდენობა ართულებდა მედპერსონალის მაციენტებამდე მისვლას.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სასწრაფოს მისვლამდე ადამიანებს პირველად დახმარებას ადგილზე მყოფები უწევდნენ. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ოფიციალური პირების თქმით, ადგილზე გაზის გაჟონვა ან ხანძარი არ ყოფილა.

სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გარდაცვლილთა 90% უკვე იდენტიფიცირებულია. მანვე აღნიშნა, რომ დაახლოებით 10 ადამიანის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან რამდენიმე მათგანი არასრულწლოვანია, რომლებსაც პირადობა არ ჰქონდა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სეულის პოლიციამ დაკარგული ადამიანების შესახებ 4 024 განცხადება მიიღო.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლიმა გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მომხდარის გამო კი ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა.

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა სამძიმარი გაუგზავნეს სამხრეთ კორეას და დაზარალებულებს.

„მე და ჯილი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები სეულში“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, – “ვწუხვართ კორეის რესპუბლიკის ხალხთან ერთად და ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს”. 

ფრანგულ და კორეულ ენებზე დაწერა ტვიტერში პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, – „საფრანგეთი თქვენს გვერდითაა“.

წყარო: CNN

ლელა დევდარიანი