ჩინეთში Covid-ჩაკეტვებს აპროტესტებენ და ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ
ჩინეთში Covid 19-ის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებსა და მთავრობის ნულოვან პოლიტიკას საზოგადოებაში მწვავე პროტესტი მოჰყვა.
“ლოქდაუნის” მოწინააღმდეგეები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომას ითხოვენ. აქციები გაიმართა პეკინში, შანხაისა და უჰანში. პეკინში დაახლოებით 200 ადამიანი დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე პარკში შეიკრიბა. მათ ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირათ, რომელიც მმართველი პარტიის ცენზურის წინააღმდეგ იყო მიმართული.
დაახლოებით 2000-მა სტუდენტმა კი ცინგხუას უნივერსიტეტში Covid 19-ის კონტროლის პოლიტიკის შემსუბუქება მოითხოვა. უჰანში, პირველ ქალაქში, სადაც კორონავირუსი გაჩნდა, მომიტინგეებმა რკინის ბარიკადები გაარღვიეს და ჩაკეტვის შეწყვეტა მოითხოვეს. აქცია გაიმართა ჩინეთში მდებარე IPHONE-ის ქარხანაში, რომელიც მსოფლიოში უდიდესია. დაწესებულება გასულ თვეს დაიკეტა, მუშებს კი შენობაში ეძინათ.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ძალადობს მუშებზე პოლიცია.
ჩინეთში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთშაბათს ურუმჩიში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც მინიმუმ 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადამიანებმა შენობის დატოვება სწორედ “ლოქდაუნის” გამო ვერ შეძლეს.
“სი ძინპინ გადადექი!”, “მე აქ იმიტომ ვარ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ მიყვარს ჩემი მთავრობა!”, “მინდა თავისუფლად გამოვიდე გარეთ, მაგრამ არ შემიძლია”; “ჩვენი კოვიდ პოლიტიკა არის თამაში და არ არის მეცნიერებაზე ან რეალობაზე დაფუძნებული”; “ჩვენ არ გვინდა უვადო მმართველები, ჩვენ არ გვინდა იმპერატორები!”, “ჩაკეტვა ძალიან ხანგრძლივი იყო და ეს ხალხს თავისუფლებისა და სამუშაო ადგილის ფასად დაუჯდა!” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა. თუმცა მოსახლეობის პროტესტი არ შეწყვეტილა, რასაც პოლიციის მიერ ძალის გამოყენება და რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ძალადობრივად დააკავეს BBC -ის ჟურნალისტი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ჩინეთში Covid 19-ის შეზღუდვებმა მაქსიმუმს მიაღწია. გასულ კვირას კოვიდის 39.506 შემთხვევა დაფიქსირდა.
იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ქვეყნების დიდმა ნაწილმა შეზღუდვების უმეტესობა გააუქმა, ჩინეთმა “კოვიდ 19”-ის ნულოვანი პოლიტიკა შემოიღო, მათ შორის, დაიხურა მუზეუმები და პარკები. როგორც ჩინეთის მთავრობაში აცხადებენ, მკაცრი შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება.
ინგა ფუტკარაძე
ასევე წაიკითხეთ:
ჩინეთში Covid 19-ის შემთხვევები კვლავ იზრდება – პეკინში პარკები და მუზეუმები დაიხურა
COVID-19-ის გავლენა ბიზნესზე – iPhone-ების წარმოება შესაძლოა 30%-ით შემცირდეს